საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტი

ლაჯანურჰესი

ელფოსტა ბეჭდვა PDF
Sample image

ლაჯანურჰესის მშენებლობა დაიწყო 1952წ. და დასრულდა 1960წ.

  თავდაპირველად ლიუდინის მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებდა გრავიტაციული კაშხლის მშენებლობას მდ.ლაჯანურას ხეობის შედარებით გაშლილ ნაწილში, ვინაიდან ვიწრო კირქვოვანი ხეობა ხასიათდებოდა მაღალი ბზარიანობითა და ქანების განშრევებულობით. ამიტომ არ იყო მიზანშეწონილი მაღალი თაღოვანი კაშხლის მშენებლობა. თუმცა, შემდგომ პავლე შენგელიას მიერ შემოთავაზებული იყო სქემა, რომელიც ითვალისწინებდა მდ. ცხენისწყლის გადაგდებას ლაჯანურის წყალსაცავში, რის შედეგადაც გაიზრდებოდა არა მარტო ლაჯანურჰესის სიმძლავრე, არამედ მდ.რიონზე არსებული, თუ მშენებარე ჰესების გამომუშავება და სიმძლავრე. 

ლაჯანურის წყალსაცავში წყლის გადაგდების მიზნით დაბა ცაგერთან, მდ. ცხენისწყალზე აგებულია დასაშლელი ტიპის დაბალზღურბლიანი 4 მალიანი კაშხალი. თითოეული მალის სიგანე 14 მეტრია და უზრუნველყოფენ 1600 მ3/წმ კატასტროფული ხარჯის გატარებას. კაშხლის ფუძე შედგება კაჭარ-კენჭოვანი გრუნტებისაგან, ხოლო ქვემო ბიეფის მხარეს ალუვიალური გრუნტებისგან, ამიტომ გარეცხვისაგან კალაპოტის დასაცავად მოწყობილია ენერგიის ჩამქრობი ჭა ვერტიკალური გამოსასვლელი ზღურბლით. კაშხლის გაგრძელებაზე მდინარე ცხენისწყლის მარცხენა სანაპიროზე მოწყობილია 60მ3/წმ-ში გამტარობის წყალმიმღები. მის ქვემოთ განლაგებულია გამრეცხი ხვრეტები. წყალმიმღებიდან წყალი მიედინება სადერივაციო 934მ სიგრძის არხში, ხოლო შემდგომ 5524მ-იანი უდაწნეო დერივაციული არხის მშენებლობისას გამოყენებული იყო მეტრომშენის თუჯის ტიუბინგები. ჰიდრავლიკური დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით ჩაღრმავებები შევსებული იყო ბეტონით.

ცხენისწყლისა და ლაჯანურის ხარჯები მათი შეერთების ადგილას:

                              მდ.ცხენისწყალი     მდ.ლაჯანური

მინიმალური                     11,4 მ3/წმ              2,35 მ3/წმ

მაქსიმალური                    780 მ3/წმ              183 მ3/წმ

საშუალო                       57.8 მ3/წმ              10.6 მ3/წმ

ლაჯანურის ჰიდროკვანძში შედის თაღოვანი კაშხალი , მარჯვენა ნაპირზე განთავსებული წყალმიმღები, ორკამერიანი გამრეცხი ხვრეტები, სამშენებლო გვირაბი და კაშხლის კბილში მოწყობილი ფსკერული წყალსაშვები 2 ხვრეტი.

წყალსაცავის სრული ტევადობა 25მლნ.მ3, ხოლო სასარგებლო მოცულობა 18 მლნ.მ3. დღე-ღამური და კვირეული რეგულირების ლაჯანურის წყალსაცავი მდებარეობს მდ. ლაჯანას გაშლილ ხეობაში, რომლის მაქსიმალური სიგანე 300-400მ-ია. წყალსაცავის შეტბორვას ქმნის მდინარის ვიწრო ხეობაში განთავსებული ბეტონის ორმაგი სიმრუდის თაღოვანი კაშხალი, რომლის სამშენებლო სიმაღლე 69მ-ია. აქედან 49მ თხელ თაღოვან ნაწილს უკავია, ხოლო 20მ საცობის სიმაღლეა კბილთან ერთად. თაღოვანი კაშხლის სისქე კბილთან 7,6მ-ია, თხემთან -2,5მ. საცობის სისქე თხემთან 127მ-ია, ხოლო ქორდის_ მიახლოებით 100მ. თაღების რადიუსები იცვლება თხემიდან ძირამდე, 59,5მ-დან  მცირდება 36,6მ-მდე.  მისი მშენებლობა მიმდინარეობდა რთულ გეოლოგიურ პირობებში. კირქვის ფენებს შორის კონტაქტი დაშლილი და განშრევებული იყო. ფილტრაციის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის აგებამდე ფუძე გაიწმინდა და ჩატარდა განგრძივი ბურღვითი, საცემენტაციო, გამაგრებითი სამუშაოები. საცემენტაციო ბურღილები განთავსებული იყო ჭადრაკულად 2მ-ის დაშორებით. საცემენტაციო ფარდა მოეწყო 30-40მ სიღრმეზე. კაშხალი დაყოფილია 10 მ სიგანის სამშენებლო ვერტიკალური ნაკერებით 13 ნაწილად, ხოლო ბლოკების სიმაღლე 2მ-ია. ბლოკის ზომები განაპირობა ბეტონის ქარხნის წარმადობამ და თაღოვანი  კაშხლის აგების ტექნიკური პირობების მოთხოვნებმა. ბეტონის ჩაწყობა მიმდინარეობდა 23-30სმ-ის ფენებად 1,5-2სთ-ის ინტერვალით, ბეტონის ბლოკის გადახურვა წარმოებდა 4-სთ ინტერვალით. ნაგებობის შემდგომი დამონოლითების მიზნით ნაკერებში დამონტაჟდა მილები. მონოლითური კაშხლის ზედა სამი მწკრივი ანტისეისმური სარტყლის შექმნის მიზნით კონსტრუქციულად არმირებულია.  

მშენებლობის პერიოდში ყურადღება ექცეოდა ბეტონის ხარისხს და დაბეტონების დროს კაშხალში ჩატანებულ იქნა 300-ზე მეტი საკონტროლო გამზომი ხელსაწყო, რომელთა საშუალებით მიმდინარეობდა განუწყვეტელი დაკვირვება ბეტონის კაშხალზე. ამჟამად მასზე დაკვირვება არ მიმდინარეობს. კაშხლის თხემზე განლაგებულია სამ მალიანი თითოეული 7მ სიგანის თავისუფალი წყალსაგდები, 120 მ3/წმ ჯამური ხარჯით. კაშხლის კბილში კი მოთავსებულია ორი ფსკერული ხვრეტი, რომლებიც ჩაკეტილია შაბერული საკეტებით. თუმცა მათი გამტარობა 200მ3/წმ-ია, დღიდან გაშვებისა ისინი არ გაღებულა. აქედან გამომდინარე მათი საშუალებით ქვემო ბიეფში ნატანის ტრანსპორტირება დაკავშირებული იქნება რიგ სირთულეებთან, სავარაუდოდ, შესაძლოა ვერც კი მოხერხდეს. მდ.ლაჯანურა და ცხენისწყალი, როგორც უმრავლესობა მთის მდინაეებისა, ახდენენ დიდი რაოდენობით მყარი ნატანის ტრანსპორტირებას წყალსაცავში. ადრინდელი პროგნოზები გამართლდა და წყალსაცავი შევსებულია ლამით. გამრეცხი ხვრეტების საშუალებით ხშირად ახდენენ 100მ3/წმ მყარი ნატანით გაჯერებული წყლის გადაგდებას ქვემო ბიეფში, მაგრამ ეს არაა საკმარისი და წყალსაცავის სასარგებლო მოცულობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

წყალსაცავიდან წყალი ორკამერიანი წყალმიმღების საშუალებით მიეწოდება 5,5მ დიამეტრის სადერივაციო 2540მ სიგრძის მილსადენს. დერივაციის ქანობი 0.00547, წყლის სიჩქარე 4,2 მ/წმ-ია. სადერივაციო მილსადენი მოპირკეთებულია ბეტონით და რკინაბეტონით. სადერივაციო მილსადენიდან წყალი გადადის 4,5მ დიამეტრის სადაწნეო მილსადენში, რომლის თავზე მოწყობილია ასევე შახტური 12,5მ დიამეტრის გამთანაბრებელი რეზერვუარი. სადაწნეო მილსადენის სიგრძე 99,4 მ-ია, იგი მუხლით დაკავშირებულია ცვალებადი დიამეტრის ჰორიზონტალურ კოლექტორულ უბანთან, საიდანაც იწყება განშტოება, რომელიც უერთდება ჰესის შენობას, აღჭურვილს სამი ავსტრიული ,,ფოიტის” მიერ წარმოებული რადიალურ ღერძული ტიპის ტურბინით. სამანქანო დარბაზი განლაგებულია მიწისქვეშ. მისი სიგრძე 57მ, სიგანე 18 მ. ტურბინების ჯამური საანგარიშო ხარჯი 100მ3/წმ-ია, ხოლო მაქსიმალური დაწნევა 134მ, მინიმალური ნეტტო_ 112,5მ საანგარიშო დაწნევა 128,3მ. თითოეული აგრეგატის სიმძლავრე 37,5 მგვტ-ია. ჰესის დადგმული სიმძლავრე_112,5მგვტ-ია. გენერატორები წარმოებულია ავსტრიული ფირმის ,,სიმენს შუკერტის” მიერ. აგრეგატების მონტაჯისა და დემონტაჟისათვის სამანქანო დარბაზს ემსახურება 100/20 ტვირთამწეობის ორი ხიდურა ამწე. სამონტაჟო მოედანი განლაგებულია დარბაზის მარცხენა ნაწილში. ჰესის შენობის სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია კიბეებით. სადგურის შენობის კამარის ქვეშ განლაგებულია გამანაწილებელი მოწყობილობის სათავსოები. ელ. გამანაწილებელი მოწყობილობის შენობის მარჯვენა კედელს ესაზღვრება სავენტილაციო კამერები, რომლებიც სავენტილაციო გვირაბთანაა შეერთებული. სამონტაჟო მოედანთან იწყება 208მ-ის სიგრძის სასალტე-სატვირთო ორსართულიანი გვირაბი. პირველი სართული განკუთვნილია სადგურის მოწყობილობების ტრანსპორტირებისათვის, ხოლო მეორე სართულზე დამონტაჟებული სალტეები გენერატორების შემკრებ სალტეებს აერთებენ ძალური ტრანსფორმატორების დაბალი ძაბვის ღია გამანაწილებელი მოწყობილობის 220 კვ-იან გამომყვანებთან. ლაჯანურზე განხორციელებულია კომპლექსური ავტომატიზაცია და ტელემექანიზაცია თბილისის სადისპეტჩერო პუნქტიდან. მორიგე პერსონალი გადაყვანილია შინ მორიგეობაზე.

ლაჯანურის ჰიდროკვანძი უნიკალურია იმ ნიშნით, რომ ეს იყო პირველი თაღოვანი კაშხალი სსრ კავშირში და პირველი მიწისქვეშა ჰესის შენობა საქართველოში. ეს ობიექტი რთულ გეოლოგიურ და სხვა არახელსაყრელ  პირობებში შენდებოდა. ლაჯანურის კაშხლის მშენებლობისას მიღებულმა საპროექტო, სამშენებლო პრაქტიკულმა გამოცდილებამ დასაბამი მისცა, ისეთი გიგანტის მშენებლობას, როგორიც ენგურის ჰიდროკვანძია. 


 

ბოლოს განახლდა ( WEDNESDAY, 20 JANUARY 2010 13:42 )  
You are here:

საკონტაქტო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი 

  • Tel: (+995 32)  333051
  • Fax: (+995 32) 333058
  • Email: 4testuse  at  gmail.com
  • Website: www.hpep.ge