საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტი

შაორჰესი

ელფოსტა ბეჭდვა PDF
შაორჰესი

შაორის ჰიდოელექტროსადგური შაორი-ტყიბულის კასკადის პირველი საფეხურია. ,,თბილჰიდროპროექტმა” 1949-50 წლებში შეიმუშავა სადგურის ტექნიკური პროექტი, რომელიც საბოლოოდ  1951 წლის 19 აპრილს დაამტკიცა.

 

 

შაორის ტაფობში სოფ.ხერგას მიდამოებში, აგებულია კაშხალი, რომელიც კარსტული ძაბრებისაკენ მიმავალ გზას უღობავს წყალს და ქმნის წლიური რეგულირების წყალსაცავს. წყალსაცავი საზრდოობს მდ.შაორის, დიდი ჭალას და მდ.ცივწყალის ჩამონადენით. აქედან წყალი ქალაქ ტყიბულში განლაგებული ძალური კვანძისკენ მიედინება სადაწნეო გვირაბით, რომელიც ნაქერალას ქედს კვეთს.

შაორის კაშხლის სიგრძე თხემზე 1210 მეტრია, მაქსიმალური სიმაღლე კი 11,5 მ. ქვაყრილი კაშხლის წყალგაუმტარობა უზრუნველყოფილია თიხის ეკრანით. მდინარის მარჯვენა ნაპირიდან კაშხლის ერთ მესამედ სიგრძეზე ფსკერული გამშვებია 20მ3/წმ საანგარიშო ხარჯით, რომელიც აღჭურვილია მუშა საკეტით (1,7×2,3მ), სარემონტო საკეტით და გისოსით (3×3მ).

მუშა საკეტს ემსახურება 35ტ ტვირთამწეობის ჯაჭვური ელექტრული ამწე მექანიზმი, ხოლო გისოსსა და რემონტის საკეტს-6ტ ტვირთამწეობის ელ.ძრავიანი ამწე. ორივე ამწეს გააჩნია ხელის ამძრავი და აუცილებელი ბლოკირება. მუშა და სარემონტო საკეტებს შორის არსებული სივრცის წყლით ამოვსებას აწარმოებენ გადასაშვები საკვალთით, რომელსაც ქვედა ხიდის ნიშნულიდან მართავენ. თუმცა ეს საკეტები არ ფუნქციონირებენ გაშვების დღიდან. 

მდინარის მარჯვენა მხარეს კაშხლის ნაპირთან შეუღლების ადგილას მდებარეობს უქმი წყალსაგდები, რომლის საანგარიშო ხარჯია 30მ3/წმ. 

 

წყალსაცავიდან წყლის აღება ხორციელდება არხის საშუალებით. ვინაიდან წყალი მდინარეში და სადერივაციო მილსადენით ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიედინება. საჭირო გახდა ტაფობის ფსკეზე წყალმიმღებამდე 4600მ სიგრძის, 5 მ სიღრმის არხის გაყვანა, რომელიც კირქვების კლდოვან ქანებში მდებარეობს.

წყალმიმღები უზრუნველყოფს 10მ3/წმ-ში საანგარიშო ხარჯის მიწოდებას სადაწნეო სადერივაციო გვირაბში. წყალმიმღების შესასვლელის წინ დაყენებულია ბრტყელთვლიანი მუშა საკეტი (ზომით 1.8*2.1მ), კალათისებური წვრილი გისოსი (ზომით 3.8×4მ) და ბრტყელთვლიანი სარემონტო საკეტი (ზომით 3,8×4მ).

რემონტის საკეტსა და დამატებით ხშირ გისოსს ემსახურება 6ტ ტვირთამწეობის ელ.ძრავიანი ამწე მექანიზმი.

კალათისებური გისოსი, რომელიც გათვალისწინებულია დანაგვიანების შემთხვევისათვის, გალის ჯაჭვით 15ტ ტვირთამწეობის ელექტრულ ამწე მექანიზმზეა ჩამოკიდებული. 

მუშა საკეტს ემსახურება 35ტ ტვირთამწეობის ელექტრული ამწე.

ყველა მექანიზმს აქვს ხელის ამძრავი და აუცილებელი ბლოკირება.

სადაწნეო დერივაციის გვირაბი, რომლის სიგრძე გამთანაბრებელ შახტამდე 1273მ-ია, ხოლო დიამეტრი 1,8მ.

გვირაბში გაყვანილია 30სმ დიამეტრის მილსადენი ქ.ტყიბულსა და კომბინატ ,,საქნახშირის” საწარმოების წყალმომარაგების მიზნით.

გამთანაბრებელი შახტი (2,3მ დიამეტრისა და 44მ სიმაღლის ზედა და ქვედა კამერებით) მოწყობილია დერივაციის ბოლოში. ფილტრაციის თავიდან ასაცილებლად მისი შიდა ზედაპირი ლითონის პერანგითაა შემოსილი. ქვედა კამერებში (გვირაბიდან შახტში გარდამავალ უბანზე) და შემაერთებელ გვირაბში (დროსელურ საკეტებამდე) მოწყობილია ჰიდროიზოლაცია, რომელიც დაფარულია ტორკრეტით (მავთულის ბადეზე).

გამთანაბრებელი შახტის ღერძიდან 70მ მანძილზე მდებარეობს დისკური საკეტები, რომელთაც 1,4მ დიამეტრის საკეტი აქვთ.

ორტოტიანი სადაწნეო მილსადენი, რომლის დიამეტრია 1,4მ, იწყება საკეტებიდან და ფერდობამდე 33მ სიგრძეზე გაყვანილია 5,4მ დიამეტრის გალერეაში.

2895მ საერთო სიგრძის მილსადენი 27 ანკერულ საყრდენზეა დამაგრებული. უკანასკნელი საყრდენის შემდეგ ჰორიზონტალური კოლექტორული უბანია, რომლის თითოეული მილსადენიდან ორი 0,7 მ დიამეტრის განშტოება გამოდის ორი ტურბინისათვის.

სამანქანო შენობაში დადგმულია 4 აგრეგატი. ტურბინის ბრუნთა რიცხვი, როცა მაქსიმალური სტატიკური დაწნევა 538 მეტრს შეადგენს, 1150ბრ წთ-ში. აგრეგატს აქვს მთლიანსხმული ტურბინები, ჭავლის გადამხრელები (ამრეკლები) და საქშენები უჟანგავი ფოლადის ნემსებითა და საცმებით. ტურბინებს მართავს სიჩქარის ავტომატური რეგულატორები, რომლებიც აღჭურვილია ჰიდროდინამიური ქანქარებით, ხოლო ამ უკანასკნელით-პენდელ—მოტორები. ყოველ რეგულატორს აქვს მოწყობილობა ავტომატური და დისტანციური საავარიო გაჩერების, ბრუნთა რიცხვის და უთანაბრობის ხარისხის შეცვლისა და გახსნის შესაზღუდავად.

ყოველი ტურბინის წინ დადგმულია 700მმ დიამეტრის სფერული საკეტი, რომელსაც ზეთის სერვომოტორი მართავს. სფერული საკეტების მართვა ავტომატიზირებულია და ჩართულია ავტომატის ამუშავება-გაჩერების ციკლში. 

გენერატორები და მათი დამხმარე მოწყობილობა განლაგებულია სამანქანო შენობის მეორე სართულში. ამგზნებები შეიცვალა და გახდა ტირისტორული. გენერატორს აქვს გაციების შეკრული ციკლი და მოწყობილობა გენერატორში გაჩენილი ხანძრის წყლის ჩასაქრობად. ოთხი გენერატორი, თითოეული 9600კვტ სიმძლავრით მუშაობს 10,5კვ შემკრები სალტეების სისტემაზე, რომლითაც იკვებება 24 ათ.კვა სიმძლავრის ძაბვის ამწევი ტრანსფორმატორი, საკუთარი საჭიროების ორი ტრანსფორმატორი (თითოეული 560კვა სიმძლავრის) და ორი 10,5 კვ სარეზერვო ფიდერი.

ძაბვის ასამაღლებელი ტრანსფორმატორები (8000კვა სიმძლავრის) ერთფაზიანია. ტრანსფორმატორის გაციება ხელოვნურია-ყოველ ფაზაზე 0,18კვტ, ელექტროძრავიანია 4 ვენტილატორია. სამონტაჟო მოედანს ზედა ბიეფის მხრიდან ესაზღვრება მინაშენი, რომელშიც მოთავსებულია დახურული ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობა. მთავარი მართვის ფარი მინაშენი სამონტაჟო მოედნის მხრიდან დგას.

10,5 კვ ძაბვის ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობა, მოთავსებულია  სამანქანო შენობის მინაშენში, ტურბინების საკეტების სადგომის თავზე. ჰესის ცენტრალური მართვის პულტი დგას მინაშენში, რომელიც სამონტაჟო მინაშენს ესაზღვრება. მართვის ცენტრალურ პუნქტში დგას მართვის მთავარი, დაცვის, სიგნალიზაციისა და საკუთარი საჭიროების ფარები.

ძაბვის ამწევი ღია ქვესადგური (35/110) მდებარეობს ჰესის შენობის წინ. შაორის ჰიდროელექტროსადგურში დადგმულია ოთხი აგრეგატი ვერტიკალური ორსაქშენიანი ჩამჩიანი ტურბინებით (თითოეული 10მგვტ სიმძლავრით), რომლებიც დამზადებულია ფირმა ,,სან-ჯორჯიოს” მიერ. ტურბინები უშუალოდ უერთდება სამფაზიანი დენის სინქრონულ გენერატორებს.

ელექტრონულ შეერთებათა მთავარი სქემა ითვალისწინებს ენერგოსისტემასთან შეერთებას როგორც 35კვ, ისე 110კვ ძაბვაზე.

სისტემასთან შაორჰესის კავშირი 35კვ ძაბვაზე განხორციელებულია რიონჰეს-ტყიბულის ქვესადგურის ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით.

38,5 კვ ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობა ღია ტიპისაა და განლაგებულია მოედანზე, რომელიც ჰესის შენობის ქვედა ბიეფის მხარესაა. ამ მოედანზე განლაგებულია აგრეთვე 110 კვ ძაბვის ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობა.

შიდა ტელემექანიკის მხრივ შაორჰესში განხორციელებულია: სადგურის მართვის მთავარ ფარზე გაზომვა წყლის ჰორიზონტისა წყალსაცავში და ვარდნილის დონისა-მეჩხერ და კალათისებრ გისოსებთან; სადგურის მართვის მთავარი ფარიდან საავარიო დროსელის საკეტის მართვა და მისი მდგომარეობის სიგნალიზაცია.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია სიგნალი, ,,სადგურში ავარიაა” გადაცემა იმავე ცენტრალურ სადისპეჩერო პუნქტში. მორიგე პერსონალი გადაყვანილია შინ მორიგეობაზე-სადგურის მნიშვნელოვანი პარამეტრებისა და დანადგარების მდგომარეობის გაკონტროლება ბინიდან ხდება დისტანციურად.

შაორიჰესი საექსპლუატაციოდ გადაეცა 1959 წლის იანვარში.

ტურბინის მუშა თვალი პირველი რიგის მშენებლობისას ფირმამ დაამზადა ნახშირბადოვანი ფოლადისაგან. ექსპლუატაციის პერიოდში ჩამჩების დისკოსთან შეერთების ადგილები დაიბზარა და ტურბინები გამოვიდა მწყობრიდან. შემდგომში ,,სან-ჯორჯიოს” ფირმამ აღნიშნული მუშა თვლები შეცვალა უჟანგავი ფოლადის მუშა თვლებით ისინი შედარებით ხანგრძლივად ფუნქციონირებდნენ, თუმცა მათი მუშაობის პერიოდშიც იგივე პრობლემამ იჩინა თავი. მათი განახლება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ რაც, ჰესი შეყიდულ იქნა ,,ენერგოპროს” მიერ 2008წელს.

აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ მშენებლობის პერიოდში საჭირო იყო იმ ფართობის გაწმენდა ტყის მასივისგან რომელიც წყალქვეშ ექცეოდა. ამან არაესთეტური იერი შესძინა კლიმატურ-სანახაობითი მიმზიდველობის მქონე წყალსაცავს და მის მიმდებარე ტერიტორიას რეკრეაციული მიზნით.


 

ბოლოს განახლდა ( WEDNESDAY, 20 JANUARY 2010 13:55 )  
You are here:

საკონტაქტო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი 

  • Tel: (+995 32)  333051
  • Fax: (+995 32) 333058
  • Email: 4testuse  at  gmail.com
  • Website: www.hpep.ge