გუმათი I-დან გადამუშავებული წყალი მიეწოდება გარდამავალ უბანს, რომელიც მოპირკეთებულია რკინაბეტონის ფილებით, ხოლო შვეული კედლები ბეტონისაა.
გარდამავალი უბანი დასაწყისში 48,6მ-ია სიგანეში , ბოლოში კი- 18,2მ. მისი სიგრძე 9,0 მ-ია. გარდამავალი უბნის კედელი ესაზღვრება წყალსაცემ ჭას. წყლის დონე მასში კონტროლდება წყალსაცემი ჭისკენ მიმართული თავისუფალი წყალსაგდებით. სამმალიანი სათავე რაბი მოთავსებულია გარდამავალი უბნის ბოლოში და წყალსაგდები რაბის მართობულადაა განლაგებული. სათავე რაბის ხვრეტების ზომები 5*5მ-ია და მიერთებულია სადერივაციო გუმათი II-ის 1836 მ-ის სიგრძის ტრაპეციის ფორმის კვეთის არხთან. არხი მოპირკეთებულია ბეტონითა და რკინაბეტონით. მისი ქანობი 0.0004-ია, წყლის სიჩქარე 2,45 მ/წმ. გარდამავალი უბნის ბოლოში სათავე რაბის მართობული წყალსაგდები რაბი სამ მალიანია, მალების ზომებით 5*5მ-ზე. სათავე და წყალსაგდები რაბების ძირითად და სარემონტო ფარებს ემსახურება ჯოჯგინა ამწე, რომელიც მოსაბრუნებელი წრის დახმარებით იცვლის კუთხეს და ადგილმდებარეობას.
დერივაციული არხის ბოლოში მდებარეობს სადაწნეო კამერა. წყალი 6 წყალმიმღები ხვრეტით მიეწოდება (კაპლანის ტიპის) 3 მბრუნავფრთიან ავსტრიული წარმოშობის ,,ფოიტის” მიერ წარმოებულ ვერტიკალურღერძიან ტურბინას. წყალმიმღები კამერების საკეტები მოძრაობაში მოჰყავს სტაციონალურ ჯალამბარს. საკეტების წინ ტივტივა ნატანის დამჭერი ხშირი გისოსებია განლაგებული. ფსკერული გამრეცხები მოწყობილი წყალმიმღები ხვრელების შესასვლელი ზღურბლის წინ და აღჭურვილია მუშა და სარემონტო საკეტებით. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 7,6 მგვტ-ია საანგარიშო 12,5 მ-ზე და 71.3 მ3/წმ ხარჯზე. ჰესის დადგმული სიმძლავრე 22,8 მგვტ-ია. ტურბინის ავტომატური რეგულირება წარმოებს სიჩქარის რეგულირების სვეტისა დაზეთსაწნევი დანადგარის დახმარებით. მნუ-ს სისტემა (მასლონაპორნაია უსტანოვკა) სიჩქარის რეგულატორში ზეთის წნევის დაცემის ან ტურბინის ბრუნთა რიცხვის ავარიული გაზრდის შემთხვევაში უზრუნველყოფს მუშა თვალის ფარების ავტომატურ დახურვას. გამონამუშევარი წყალი 900მ სიგრძის გამყვანი არხით უბრუნდება მდინარეს.
გუმათი II-ის ღია გამანაწილებელი მოწყობლობა მდებარეობს ჰესის შენობის მარცხენა მხარეს. გუმათი II 110კვ-იანი ხაზებით მიერთებულია გუმათჰეს I-თან და რიონჰესთან . ავტომატიზაცია და ტელემექანიზაცია გუმათჰეს I-ში არ არის. ამ ღონისძიებების დანერგვა დამოკიდებულია აგრეგატების სიჩქარის რეგულატორების რეკონსტრუქციაზე. გუმათი II-ზე განხორციელებულია სრული კომპლექსური ავტომატიზაცია და ტელემექანიზაცია, რაც გულისხმობს აგრეგატების აქტიური სიმძლავრის ჯგუფურ მართვას და ავტომატურ რეგულირებას წყლის ხარჯის მიხედვით. სადგურს არ ჰყავს მორიგე პერსონალი. გუმათიII-ის მშენებლობა დასრულდა 1956 წლის ივნისში.