ენგურჰესი

ბეჭდვა
ენგურის კაშხალი

მდ. ენგურის აუზის ფართობი, რომელიც საქართველოს ჩრდილო- დასავლეთ რაიონშია,  4060კმ2-ია.  მისი უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 78% მთებშია, 1000მ ნიშნულის ზემოთ. ენგურის სიგრძე 220 კმ-ია

 

. მდ. ენგური სათავეს მარად ყინულოვან შხარაზე იღებს. მდინარე ძირითადად,   მყინვარების ნადნობით იკვებება. ჩამონადენი მკვეთრად იზრდება მარტის მეორე ნახევარში ან აპრილის დასაწყისში, რომელიც ივნის- ივლისში აღწევს მაქსიმუმს, შემდეგ წყლის ხარჯი ნელ-ნელა კლებულობს  შემოდგომის დამლევამდე, ხოლო ზამთარში ის  მინიმალურია. მისი აუზი სოფ. ჯვრამდე წარმოადგენს ძლიერ მთაგორიან ზედაპირს, რომელიც დაფარულია ხშირი ტყეებით. როგორც თვით ენგური, ისე მისი შენაკადები მიედინებიან ვიწრო და ადამიანისთვის ხშირად გაუვალ ხეობებში. სოფელ ჯვრის ქვემოთ მკვეთრად იცვლება მდ. ენგურის როგორც აუზის, ასევე დინების ხასიათი. მთებიდან ვაკეზე გასული მდინარე რამდენიმე შტოდ იყოფა და არამყარი კალაპოტით მიედინება შავი ზღვისპირა დაბლობ რაიონებში.

ენგურჰესის საპროექტო მოცემულობა დამტკიცდა 1960წელს, ტექნიკური პროექტის შედგენა კი, საბოლოო ცვლილებების შეტანის შემდეგ, დასრულდა 1968 წელს. ჰიდროსადგურის ძირითადი ობიექტების აგება 1963-64 წლებში დაიწყო. ამ გრანდიოზულ მშენებლობაში ჩართული იყო სამშენებლო სამმართველოები: მაღალთაღოვანი კაშხლისათვის ,,ენგურკაშხალმშენი”, სადერივაციო გვირაბებისთვის-,,გვირაბმშენი”, სადაწნეო სადგურის კვანძებისთვის-,,ძალური კვანძი”, ,,ვარდნილჰესი I”, სამშენებლო სამმართველო სამოქალაქო და საბინაო მშენებლობისთვის და ავტოსატრანსპორტო კანტორები. გარდა ამისა, სუბმოიჯარადრის სახით სამუშაოებს აწარმოებდნენ გზათა მშენებლობის, მექანიზებული სამუშაოების , მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის სამშენებლო სამმართველოები, ,,ჰიდრომექანიზაცია”, ტრესტ ,,ჰიდროსპეცმშენის” სამშენებლო სამმართველო, ,,სოიუზლიფტი”, ტრესტ ,,სპეცჰიდროენერგომონტაჟის” უბანი, ,,შახტოსპეცსტროი”, ,,მოსტოსტროი” და სხვა. მოიჯარადრეთა ჩათვლით მშენებლობაში ჩართული იყო 10 000 კაცი.

ჰიდროსადგურის მშენებლობისას გამოყენებული იყო ენგურსა და ერისწყალს შორის არსებული ვარდნა.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური არის ხუთი სადგურის კომპლექსი, რომელშიც შედის ენგურჰესი, კაშხალთან მდებარე ვარდნილჰესი და სამი ერთნაირი ტიპის კალაპოტური ჰესი, რომლებიც განლაგებულია წყალგამყვან არხზე, საიდანაც გამომუშევებული წყალი შავ ზღვას ერთვის. საერთო დაწნევა, რომელიც მიიღება პირველ საფეხურზე, შეადგენს 409,5მ-ს, აქედან 226მ იქმნება თაღოვანი კაშხლით, დანარჩენი 183,5მ კი-სადაწნეო დერივაციით. ქვედა საფეხურები იყენებენ 100მ ვარდნას.

ენგურის ჰიდროსადგურის მშენებლობის რაიონის გეოლოგიური პირობები ასეთია: პირველი საფეხურის ყველა ნაგებობა განლაგებულია ცარცოვანი ასაკის კლდოვან ნიადაგებში, თაღოვანი კაშხალი და სადაწნეო დერივაციის საწყისი უბანი-დანაპრალებულ კირქვებში, დოლომიტიზირებულ კირქვებსა და ბარემის დანაპრალებულ  დოლომიტებში, ადგილ-ადგილ დაზიანებული, ნამსხვრევი ზონებით; სადერივაციო გვირაბი, სადაწნეო და სადგურის კვანძის ნაგებობები, ასევე წყალგამყვანი გვირაბის დიდი ნაწილი-ფენოვან, ზედა ცარცის სხვადასხვა სახის დანაპრალებულ კირქვებშია; წყალგამყვანი გვირაბის მცირე შუა უბანი გადის ჯერ ქვიშაქვებში, შემდეგ თიხებსა და ალბსენომანიის მერგელებში. კასკადის მეორე საფეხურის ნაგებობანი  მოთავსებულია მესამეული ასაკის ნახევრად კლდოვან ნიადაგებში, რომლებიც გადადის კონგლომერატებში, სუსტ ქვიშაქვებსა და თიხებში.

მდ. ენგურის კალაპოტში აგებული ბეტონის თაღოვანი კაშხლის სამშენებლო სიმაღლე 271,5მ-ია, რომელიც ქმნის 1100 მლნ. მ3 მოცულობის წყალსაცავს. აქედან სასარგებლო მოცულობა-680 მლნ.მ3-ია. სადაწნეო ორკამერიანი წყალმიმღები კაშხლიდან 70მ-ის დაშორებითაა. სადაწნეო სადერივაციო გვირაბის დიამეტრი 9,5 მ-ია, მისი წყალგამტარობა კი 450 მ3/წმ-ია. დერივაცია აკვედუკების საშუალებით კვეთს მდ. ოლორსა და ერისწყალს. აკვედუკებზე გადადინებული სადერივაციო, რინაბეტონით მოპირკეთებული ლითონის მილსადენების დიამეტრი 7მ-ია, ხოლო აკვედუკების სიგრძე_ 229 და 110მ. დერივაციის ბოლოში განთავსებულია გამთანაბრებელი 16მ დიამეტრის მქონე რეზერვუარი, რომლის სიმაღლე ღია ზედა კამერით 156მ, მოცულობა კი 64,4 ათ.მ3-ია. გამთანაბრებელი რეზერვუარის შემდგომ ხუთ ტოტად გაყოფილი სადაწნეო 666 მ სიგრძის, 5 მ დიამეტრის მქონე მილსადენით წყალი მიეწოდება მიწისქვეშა ჰესის შენობაში განთავსებულ ხუთ აგრეგატს. ჰესის შენობაში სადაწნეო მილის ბოლოში მოწყობილია 5მ დიამეტრის დისკური საკეტი, რომლის გავლითაც წყალი გაივლის სპირალურ კამერაში, ხოლო შემდგომ_ ტურბინის მუშა თვალში. ჰესში გამოყენებული წყალი უდაწნეო 3,15კმ სიგრძის გვირაბით, რომლის კვეთია 10,77*13,2 მ  ჩაედინება გალის წყალსაცავში. გალის წყალსაცავს შეუძლია განახორციელოს შეუზღუდავი დღე-ღამური რეგულირება, მისი მოცულობა 145 მლნ. მ3-ია, საიდანაც გამოიყენება 5მლნ.მ3. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 220 მგვტ საანგარიშო 59მ დაწნევაზე და წყლის 425მ3/წმ ხარჯზე. მრავალწლიური გამომუშავება საშუალოდ 700მლნ.კვტ-საათი. გამომუშავებული წყალი მიწის 22,5კმ სიგრძის არხით გაივლის თანაბარი სიმძლავრის მქონე სამ საფეხურს. ამ ჰესებში განთავსებულია კაფსულური ჰორიზონტალურ ღეძიანი 2-2 ტურბინა. საფეხურების საერთო სიმძლავრე 120 მგვტ-ია. სამწუხაროდ ეს ჰესები ამჟამად არ ფუნქცოინირებენ. ასევე ვერ მოხერხდა ენგურის მეხუთე აგრეგატის დამონტაჟება, ჰესი რიგი მიზეზების გამო მუშაობს არასრული დატვირტვით.  საპროექტო დადგმული სიმძლავრე-1340მგვტ-ია. ენგურის კასკადის ჯამური სიმძლავრე უნდა ყოფილიყო 1680მგვტ.

ამ ენერგიის გადაცემა წარმოებს 500კვ გადამცემი ხაზით, რომელიც უერთდება ზესტაფონის ქვესადგურს, შემდეგ გლდანის-(თბილისი)-აქსტაფა-ჩრდილო კავკასია_  სამხრეთ რუსეთი.

ჰიდროკომპლექსი უნიკალურია და სამომავლოდ იგეგმება მდ. ენგურზე ხუდონის და ტობარის ჰიდროკვანძის მშენებლობა. 


 

ბოლოს განახლდა ( WEDNESDAY, 20 JANUARY 2010 13:54 )