ხრამჰეს-II

ბეჭდვა
Sample image

  ხრამჰეს-II იყენებს მდ.ხრამის ვარდნას, დაწყებული ხრამჰეს-I ჰესის შენობიდან, ვიდრე სოფელ ჩათახამდე, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც მდ.ხრამს მისი მარჯვენა შენაკადი-ყარაბულახი უერთდება.

 

ხრამჰეს-II დერივაციული სადგურია, რომელიც იყენებს ხრამჰეს-I გადამუშავებულ წყალს, თვით მდინარე ხრამის დამატებით დინებას ხრამჰეს-I და ხრამჰეს-II კაშხლებს შორის, ასევე შენაკადებს ყარაბულახისა და ჭოჭიანის წყალს.

სათავე კვანძის ნაგებობათა კომპლექსში შედის ქვანაყარი კაშხალი, წყალსაგდები რაბი, წყალმიმღები, სალექარი არხი, დღე-ღამური  რეგულირების აუზი, სწრაფმდენი რაბი რეგულატორითა და ღვარსაშვებით.

ხრამჰესი-I შენობიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებით აგებულია ქვანაყარი კაშხალი თიხის ეკრანით, რომლის სიგრძე თხემზე 100მ-ია, ხოლო სიმაღლე 9,3მ. კაშხალი მარჯვენა მხრიდან ეკვრის კლდოვან ფერდობს, მარცხნიდან კი წყალმიმღებს. კაშხალი ქმნის დღე-ღამური რეგულირების აუზს. ამ აუზს მარცხენა მხრიდან, მთელ სიგრძეზე, საყრდენი კედლის საშუალებით აკრავს სალექარი არხი.

სალექარი არხის ბოლოში, კაშხლის გაგრძელებაზე ორმალიანი წყალსაგდები რაბია, რომელიც ბრტყელი 5×5მ საკეტებით  იხურება. მისი დანიშნულებაა ზედა ბიეფისა და წყალმიმღების ზღურბლის გარეცხვა ნატანისაგან. გარდა ამისა, წყალდიდობის ხარჯების გატარება ქვედა ბიეფში დღე-ღამური რეგულირების აუზის გვერდის ავლით. წყალსაგდებში გათვალისწინებულია ასევე სადღეღამისო აუზისა და სალექარის დასაცლელი ხვრეტები.

წყალსაგდების ფლიუტბეტი, რომლის სიგანე 17 მ-ია და სიგრძე 20მ, კლდეზეა დაფუძნებული. ფლიუტბეტი და ბურჯის ზედაპირი 1,5მ სიმაღლეზე ტორკრეტითაა მოპირკეთებული.

წყალსაგდების გაგრძელებას წარმოადგენს წყალჩამშვები არხი, რომლის საშუალებითაც წყალდიდობის შემთხვევაში ან არხის გარეცხვის დროს წყალი ჩადის მდ.ხრამის კალაპოტში.

საკეტების მართვა წარმოებს  სტაციონარული ამწე მექამიზმებით, რომლებიც ფარების ზემოთ, სპეციალურ შენობაშია მოთავსებული.

იქვე აგებულია ღია ტიპის წყალმიმღები ორი ხვრეტით, რომელთაგან ერთი წყალს ღებულობს სადღეღამისო აუზიდან, მეორე კი-სალექარი არხიდან. წყალმიმღები 30მ სიგრძისაა, მისი წყალგამტარობა 40,5მ3/წმ, წყალმიმღები იკეტება 4,5მ სიგანის ლითონის საკეტებით, რომელთა მართვა წარმოებს ფარისზედა სადგომში დაყენებული მექანიზმების საშუალებით. სადაწნეო წყალსატარის შასასვლელის წინ განთავსებულია წვრილი გისოსი, რომელსაც მომსახურებას უწევს გისოსის საწმენდი კომბინირებული მანქანა. წვრილი გისოსიდან წყალსატარის შესავალამდე გადასასვლელი უბანი გადახურულია რკინაბეტონის ფილით. ამ უბნის სიგრძე 14,3მ.

სალექარი არხი, ხრამჰესი-I შემომვლები არხისა და ხრამჰესიII სათავე კვანძის შემაერთებელი არხის გაგრძელებაა, რომლის სიგრძე გარდამავალ უბნამდე 271მ-ია.

სალექარ არხში ნატანისაგან გაწმენდილი წყალი წყალმიმღების საშუალებით მიემართება უშუალოდ დერივაციაში, ან სადღეღამისო რეგულირების აუზში. ნიაღვრის დროს წყალს დიდძალი ნატანი მოაქვს და ამიტომ მისი გადაგდება უშუალოდ ქვედა ბიეფში სადღეღამისო რეგულირების აუზისა და წყალმიმღების გვერდის ავლით ხდება. 

დღე-ღამური რეგულირების აუზის  სასარგებლო მოცულობა ნორმალური ნიშნულის პირობებში 240ათ.მ3, მისი სიგრძეა 330მ, სიგანე-120მ, მკვდარი ფენის მოცულობა-30ათ.მ3.

ზედა ბიეფიდან წყლის ფილტრაციის თავიდან ასაცილებლად ჩატარებულია ნიადაგის ცემენტაცია. ცემენტაციური ფარდა გადის მთელი კაშხლის გასწვრივ, წყალმიმღების მარჯვენა კედლისა და კბილის, წყალსაგდებისა და ბეტონის დიაფრაგმის ქვემოთ.

წყალდიდობის პერიოდში, როცა პიკური დატვირთვის საათებში ხრამჰესი-I და ხრამჰესიII ერთდროულად მუშაობენ, დღე-ღამური რეგულირების აუზში შედის ხრამჰესი-I გამოყენებული და წყალსაცავში დაწმენდილი წყალი. როცა ხრამი-I არ მუშაობს, ამ აუზში ჩადის მხოლოდ მდ.ხრამის შენაკადების, ხრამჰეს-I საგუბარის ქვემოთ ჩამდინარე ტაშბაშირის წყაროები, ხოლო დერივაციაში-ყარაბულახისა და ჭოჭიანის წყლები. 

ხრამჰეს-I წყალსაგდებთან აგებული სწრაფმდენის დანიშნულებაა წყლის გადაგდება არხიდან დღე-ღამური რეგულირების აუზში. საწყის ნაწილში სწრაფმდენი წარმოადგენს ოთხხვრეტიან მართკუთხა რკინაბეტონის მილს. თითოეული ხვრეტის ზომაა 4,5×5მ-ს. სწრაფმდენით წამოსული ნაკადის ენერგიის ჩასაქრობად, მის ბოლოში მოწყობილია 4,5მ სიღმის რკინაბეტონის წყალსაცემი ჭა.

ხრამი-I-ის გამონამუშევარი და აუზიდან აღებული წყალი წყალმიმღების გავლით მიედინება 13,05კმ სიგრძის სადაწნეო დერივაციულ გვირაბში. შესასვლელი პორტალიდან მდინარე ჭოჭიანის ხეობამდე დერივაციის სიგრძე შეადგენს 2535მ-ს. მდ.ჭოჭიანს დერივაცია კვეთს 75მ სიგრძის აკვედუკის საშუალებით. აკვედუკიდან კი დერივაციის სიგრზე 10306მ-ია. სადერივაციო მილსადენის დიამეტრი 4მ-ია წყლის სიჩქარე 3,22მ/წმ. დერივაცია დევს ბეტონის ბალიშსა და ღორღის საფენზე, მთელ სიგრძეზე დაფუძნებულია მდინარის ალუვიურ დანალექზე და ზემოდან დაფარულია მიწის ყრილით. დერივაცია მოპირკეთებულია სხვადასხვა ტიპისა და კვეთის ბეტონითა და რკინაბეტონით, რაც დამოკიდებულია გრუნტებზე, სადაც ის გადის.

მდ. ჭოჭიანზე აგებულია წყალმიმღები. წყალმიმღებიდან წყალი ორკამერიანი სალექრის მეშვეობით მიედინება ლითონის სადაწნეო წყალსატარში, რომელიც საწყის ნაწილში შედგება 0,9მ დიამეტრისა და 240მ სიგრძის ლითონის წყალსატარისაგან, ბოლო ნაწილში კი-გვირაბისაგან, რომლის დიამეტრია 1,8 მ და სიგრძე 250,5მ. ეს გვირაბი უერთდება ძირითად დერივაციას ჭოჭიანის წყალსატარის ხიდთან. ჭოჭიანის ნაგებობათა კვანძის საანგარიშო ხარჯი უდრის 3,0მ3/წმ.

მდ.ყარაბულახის ნაგებობათა კვანძიც სათავე ნაგებობისა და დერივაციისაგან შედგება. სათავე კვანძი 33,5მ სიგრძის ყრუ წყალსაშვები კაშხლისა და გამრეცხი რაბისაგან შედგება, ასევე მდინარის მარცხენა ნაპირზე განლაგებულია წყალმიმღები და ორკამერიანი სალექარი, რომელიც მდინარის მარცხენა ნაპირზეა მოთავსებული. ორკამერიანი სალექარიდან წყალი მიედინება 268მ სიგრძის არხში, შემდეგ კი 5367მ სიგრძის უდაწნეო გვირაბში.ყარაბულახის კვანძის ნაგებობათა საანგარიშო ხარჯი 4,5მ3/წმ-ია.

დერივაციის ბოლოში მოწყობილია ორკამერიანი დიფერენცირებული ტიპის გამთანაბრებელი შახტი, რომლის დგარის დიამეტრიც 5მ, ხოლო სიმაღლე გვირაბის ფსკერიდან ზედა კამერის ფსკერამდე 45,32მეტრია. შახტის ზედა კამერის მოცულობა 7000მ3, ხოლო სიგრძე 252მ. აქედან, მისი ერთი, 230მ სიგრძის ნაწილში დგარის ერთ მხარეს უდაწნეო გვირაბის საშუალებით შედის ყარაბულახის წყალი, რომელიც ამ კამერასთან სამსაფეხურიანი ვარდნილითაა შეერთებული. ყარაბულახის წყლის ძირითად დერივაციაში ჩაშვება წარმოებს შახტის დგარით. 

ქვედა კამერის სიგრძე 102მ-ია, მოცულობა 1600მ3. ეს კამერა ორი ნაწილისგან შედგება: ერთი 30მ სიგრძის ყარაბულახის გვირაბისკენაა მიმართული, მეორე, 72მ სიგრძის კი-ფერდობისკენ. მშენებლობის პერიოდში ის გამოყენებული იყო, როგორც სამშენებლო შტრეკი.

გამთანაბრებელი შახტის ღერძიდან 30,7მ-ის დაშორებით აგებულია დისკური საკეტების შენობა. ამ შენობაში ორი 2,5მ დიამეტრის საკეტია, რომელთგან ერთი ხელით სამართავია, ხოლო მეორე ავტომატური. სატურბინო მილსადენის შიდა დიამეტრი განშტოებამდე 3.2მ-ია, შემდეგ-კი 2-2მ.

ტუფბრექჩიების კლდოვან მასივში გადის სადაწნეო მილსადენი, რომლის საერთო სიგრძე 619,5მ შეადგენს. მილსადენი მოპირკეთებულია ბეტონით და აქვს ლითონის მოსახვა 10-26მმ, რომლის სისქე ზევიდან ქვევით იზრდება.  სადაწნეო მილსადენის ქვედა ნაწილში ჰესის შენობიდან 27მ-ის დაშორებით მდებარეობს სფერული საკეტების სათავსო, რომლის წინ მილსადენი ორ ტოტად იყოფა. თითო ტოტზე ორი საკეტია-ერთი ჰიდრავლიკურად მოქმედი, მეორე კი ხელით სამართავი. სფერული საკეტების სათავსო ჰესის შენობას უკავშირდება გვირაბით. სათავსოდან გვირაბში გასასვლელი ჰერმეტული კარითაა გამოყოფილი. 

სადაწნეო მილსადენის დასაცლელად საავარიო გვირაბის მთელ სიგრძეზე გაყვანილია 0,3მ დიამეტრის ლითონის მილი, რომლის ბოლოში დაყენებულია ნემსა საკეტი.

ჰესის შენობა 14,2×39მ და სიმაღლე 31,1მ-ია. ლენინგრადის ლითონის ქარხნის მიერ დამზადებული რადიალურ ღერძული ფრენსის ტიპის ორი აგრაგატი, თითოეული 55მგვტ სიმძლავრისაა. სამწუხაროდ, ხარვეზიანი აღმოჩნდა და შემდგომში გაჭირდა მათი წესრიგში მოყვანა და არასასურველი ვიბრირების სრული აღკვეთა. თუმცა 2009წლის ბოლოსთვის იგეგმება ამ აგრეგატების შეცვლა. ჰესის შენობას ემსახურება 200ტ ტვირთამწეობის ხიდურა ამწე. ჰესში ტურბინებთან მიერთებულია ცვლადი დენის თითოეული 55ათ.კვტ სიმძლავრის სინქრონული გენერატორი, რომელთა სიმძლავრის კოეფიციენტია 0,8, ნომინალური ძაბვა 10500 ვოლტი, ბრუნთა რიცხვი 428,6ბრ/წთ.  ჰესის დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ-ია 40.5 მ3/წმ ხარჯზე და საანგარიშო 289.35მ დაწნევაზე. აგრეგატებს შორის მოთავსებულია სამონტაჟო მოედანი, რომლის ქვეშ განლაგებულია დახურული ელ.გამანაწილებელი მოწყობილობა. ამ შენობაშია ცენტრალური მართვის პულტი, მორიგე ინჟინრის ოთახი და სან კვანძი.

გამწოვი მილებიდან გამოსული წყალი შედის გამყვან კამერებში, რომელთა სიგრძე 16 მ, სიგანე 7,6-4მ-მდე მერყეობს ტურბინების რემონტის დროს კამერების ბოლოებს კეტავენ სარემონტო საკეტებით. კამერებიდან გამონამუშევარი წყალი მდინარემდე გაიყვანება ვარცლისებური განივკვეთის უდაწნეო გვირაბის საშუალებით, რომლის სიგრძეა 1252,7მ და გადის ტუფბრექჩიებსა და ქვიშაქვებში. გვირაბი მოპირკეთებულია ბეტონით, ხოლო ტექტონიკური გადადგილების ზონებში  რკინაბეტონით. ჰესის შენობა მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეზე მოთავსებულ  ღია 220კვ ძაბვის ამწევ ქვესადგურთან ორიარუსიანი სატვირთო გვირაბითაა დაკავშირებული. ამ გვირაბის სიგრძე 49,5მ, სიგანე 4მ და სრული სიმაღლე 7,3მ.

ღია გამანაწილებელი მოწყობილობა 110კვ-იანი ხაზით უკავშირდება ხრამჰესი_I და მასზე დამონტაჟებულია სალტეების ერთი სისტემა ამომრთველებით, ხოლო მისი სრული განვითარების ე.ი. ორი გამავალი ხაზის გაყვანის შემთხვევაში გათვალისწინებულია H სახის კომუტაცია სახაზო ამომრთველებით. 220 კილოვოლტის მხარეზე, რადგან ჯერ ჯერობით ერთი ფიდერია, რომელიც მიდის რაიონულ ქვესადგურთან ,,დიდი ნავთლუღი” (ქ.თბილისში) დამონტაჟებულია სალტეების ერთმაგი სისტემა ამომრთველებით.

სადგურზე დაყენებულია ძალური ტრანსფორმატორები:

3200კვა სიმძლავრის და 38.5/10.5კვ ძაბვის ერთი ტრანსფორმატორი რაიონის სოფლის მეურნეობის დატვირთვის დასაკმაყოფილებლად.

1800კვა სიმძლავრის და 10.0/10.0კვ ძაბვის ერთი გამყოფი ტრანსფორმატორი სათავე ნაგებობისთვის.

320კვა სიმძლავრის და 10.0/0.4კვ ძაბვის სამი დახურული ტიპის ტრანსფორმატორი სადგურის საჭიროებისთვის.

ჰესზე განხორციელებულია ტელემართვა თბილისის ცენტრალური სადისპეტჩერო პუნქტიდან. მორიგე პერსონალი ჰიდროსადგურს მომსახურებას უწევს ბინიდან.

ჰესის მშენებლობა დაიწყო 1954წელს და ექსპლუატაციაში შევიდა 1963 წლის მარტში. ხრამჰესი-II გამოირჩევა თავისი ორიგინალური და რთული სქემით. კერძოდ, დღე-ღამის რეგულირების უქმე პერიოდში, როცა ჰესი არ მუშაობს, მდ.ყარაბულახისა და ჭოჭიანის წყალი უკუნსვლით გროვდება დღე-ღამური უზრუნველყოფის აუზში და პიკის საათებში წაღმა მიმართულებით იწყებს დენას. 


ბოლოს განახლდა ( WEDNESDAY, 20 JANUARY 2010 13:48 )